ახალი ამბები

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

20 ნოემბერი, 2019 • 1407
აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. მათ პროკურატურასთან პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გააპროტესტეს.

“გუშინ გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი. ოქრუაშვილს 15 წლის წინანდელი ვითომ დანაშაული გაუხსენეს. ვერ შეგვაშინებენ, მაინც დავაბოქლომებთ”, – განაცხადა პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება მოითხოვა კიდევ ერთხელ მისმა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

“ბოლოს და ბოლოს, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ეს ყველაფერი თემირლანის ოჯახში ჩატარებულმა ტერაქტმა წამოიწყო. არ არის თემირლანი დამნაშავე. თვითონ სუს-ში, შსს-ში,  ამ ამოსაწყვეტ პროკურატურაშიც იმაზე საუბრობენ, რომ “კი, შეცდომა ჩავიდინეთ, მაგრამ ამ ყველაფრის მედიის და ხალხის წინაშე აღიარება არ შეგვიძლიაო. “ნაციონალები” თავზე დაგვამხობენო ამ ხელისუფებას. ჩემი რა ბრალია, მე გამეცით პასუხი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკავშილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა უგულავას თქმით, “ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება”, ვიდრე ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას არ შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი