ახალი ამბები

ვიყავი ძალიან გახარებული, რომ გუშინ იმ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია მისვლა – ჩუგოშვილი

19 ნოემბერი, 2019 • 2106
ვიყავი ძალიან გახარებული, რომ  გუშინ იმ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია მისვლა – ჩუგოშვილი

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ გახარებულია, რადგან სპეცრაზმის მიერ 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ არ მოუწია ბიუროს სხდომაზე დასწრება.

“პირველ რიგში, ერთი, რაც ძალიან მიხაროდა, არის ის, რომ გუშინ იმ ბიუროს სხდომაზე არ უნდა ვყოფილიყავი, არ მეკუთვნოდა ბიუროს იმ სხდომაზე დასწრება. ამით ვიყავი ძალიან გახარებული იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა იმ პროცესების მერე ვყოფილიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ასე, ამ ფორმით უნდა შესულიყო პარლამენტის შენობაში და მჯდარიყო ბიუროს სხდომაზე, გაეგრძელებინან მუშაობა ისე, ვითომც არაფერი”, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ქვეყანაში დაამძიმებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას და ამაზე პასუხისმგებელი ის ადამიანები იქნებიან, ვინც ამის ჩაგდების ინიციატორი და შემსრულებელი იყო.

“ჩემი მოლოდინი არის ასეთი: ეს ქუჩის პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების შემდგომ. არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. მე არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში არსებობს სივრცე, რომ ისევ შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები და პროპორციულზე გადავიდეთ. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

შერეულმა სისტემამ რაღაც წლები იმუშავა, მაგრამ აღარ მუშაობს უკვე. როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც პროცენტი და ეს ამომრჩევლების ნახევარიც კი არ არის ამომრჩევლების და ის საპარლამენტო ადგილების უდიდეს უმრავლესობას იღებს, 100-120 ადგილს და ა.შ. ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამბობს ჩუგოშვილი

ჩუგოშვილი არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც პროპროციული არჩევნების პროექტის ჩაგდების შემდეგ, 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ქართული ოცნების” დაპირების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველი გუნდის ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ ოპოზიციამ დაიწყო პარლამენტის პიკეტირება და საპროტესტო აქციის გამართვა. სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს აქცია დაშალეს და პარლამენტის ყველა შესასვლელი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მმართველი გუნდის დეპუტატებმა ბიუროს სხდომა რამდენიმესაათიანი დაგვიანებით გამართეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი