რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ცხინვალის КГБ-ს [უშიშროების სამსახური] მიერ გავრცელებულ განცხადებას ცრუ ინფორმაციას უწოდებს.
ირინა გაფრინდაშვილის განმარტებით, “ვაჟა გაფრინდაშვილი ომის დროს თავის პროფესიულ საქმინობას ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ასრულებდა და ყველა ეროვნების პაციენტს მკურნალობდა”.
ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.
ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს