ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

14 ნოემბერი, 2019 • 1243
ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

„ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი.
ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი“, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც ცნობილი გახდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ, ყველა შესაძლო არხი და
საშუალება გააქტიურდა.

„სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენჯერმე ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამის შესახებ არ საუბრობს.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ჩაწერილ პაციენტებს “მედიქლაბში” განუცხადეს, რომ ის შეუძლოდაა და გაურკვეველი დროით მასთან ვიზიტები გადადებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი