ახალი ამბები

კოჟორიძის თქმით, მაქარაშვილის პროცესი აქციისთვის ხელშესაშლელად გადადეს

19 ნოემბერი, 2019 • 1343
კოჟორიძის თქმით, მაქარაშვილის პროცესი აქციისთვის ხელშესაშლელად გადადეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომა, რომელზეც 18 ნოემბერს დაკავებულ გიგა მაქარაშვილისა და 5 სხვა პირის საქმე უნდა განეხილათ, 17:00 საათამდე გადადგო. იურისტი და “ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

კოჟორიძე ყვება, რომ დღეს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგობლობა და სხდომის გადაგება მოითხოვა, რათა მათ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების საშუალება ჰქონოდათ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა – სხდომა რამდენიმე საათით გადადებულიყო.

კოჟორიძე ამბობს, რომ არ არის საკმარისი რამდენიმე საათი იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებებიდან რომელიმე მხარემ მტკიცებულებები გამოითხოვოს. კოჟორიძის შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება კი არაკონსტიტუციურია.

“ამ მოსამართლეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დაარღვია კონსტიტუციური პრინციპი მხართა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის. ერთი მხრივ, შსს არის სათანადოდ აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით, რომ მას წარმოედგინდა მტკიცებულებები, თუმცა, მეორე მხრივ, სასმართლო მეორე მხარეს [სასამართლო] არ აძლევს გონივრულ ვადას, რომ ეს მკიცებულებები წარმოადგინოს“, – ამბობს კოჟორიძე.

იურისტი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით “სასამართლო აგრძელებს ჩინჩალაძისა და მურუსიძის ტრადიციას“, რაც მსგავსი საქმეების პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისად განხილვას გულისხმობს.

“როგორც ჩანს, დღეს, ვინაიდან აქცია იგეგმება 7 საათზე, 5 საათზე ჩაინიშნა პროცესი, რათა ეს ბიჭები არ გამოვიდნენ და, შესაბამისად, აქციაზე ბევრი ხალხი არ მივიდეს“, – ამბობს კოჟორიძე ნეტგაზეთთან.

მაქარაშვილის და 5 დაკავებულის საქმის განხილვა 2 საათით გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი