ახალი ამბები

რომან გოცირიძემ პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19 ნოემბერი, 2019 • 1080
რომან გოცირიძემ პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი სიმბოლურად დალუქა.

გოცირიძის თქმით, “ოცნების” დეპუტატები სხდომათა დარბაზში ვერ შევლენ.

“ეროვნული მოძრაობის დროს რაიკომის მდივნებს ვუჭედავდით კარებს, ახლა მოდერნიზებული ბოქლომი დავადეთ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს. აქ ვერ შემოვლენ ისინი, ვინც შემოიყვანა გავრილოვი და ვინც მოატყუა ხალხი. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს.
კარები “აჭედილია” – წერს დეპუტატი “ფეისბუქზე”.

პარლამენტის ტექნიკურმა პერსონალმა დეპუტატის მიერ კარის სახელურზე გაკეთებული საკეტი მალევე გადაჭრა.


პარლამენტის შენობის პიკეტირება 17 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელს ბოქლომები დაადეს. სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს დაშალეს აქცია და გახსნეს შენობა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სამახსოვროდ გადასცემს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვს და ბოქლომს.

“პარლამენტმა განაახლა მუშაობა” – არჩილ თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი