ახალი ამბები

მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან

19 ნოემბერი, 2019 • 2002
მაჟორიტარები სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

განცხადებას ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ხუნდაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ძირითადი საარჩევნო სისტემა – მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული – თანაბრად დემოკრატიულ და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სისტემებად არის მიჩნეული, მსოფლიო სტატისტიკა მაინც მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს.

“თანამედროვე, ლიბერალური დემოკრატიის აკვნად მიჩნეული ანგლოსაქსური ცივილიზაციის ორივე მექაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს, ისევე, როგორც კონტინეტური ევროპის პიონერ დემოკრატიაში – საფრანგეთის რესპუბლიკაში. დასავლეთის, კერძოდ კი, ევროპის ტრადიციულ დემოკრატიებში, სადაც პარტიებს მწყობრი, ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმები გააჩნიათ და ამომრჩევლის სეგმენტაციაც ამ პლატფორმებისადმი სიმპათიების საფუძველზე ხდება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, რასაკვირველია, წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენს პირობებში კი, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები გააჩნიათ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან – რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპების თუ ხედვის ადამიანი”, – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისათვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა.

“საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა. ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია – პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის”, – აცხადებს ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან, და გამოხატავდეს ხალხის ინტერესებს.

“ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები. ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება. ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს”, – ამბობს დეპუტატი.

ხუნდაძე პოლიტიკურ სპექტრს და განსაკუთრებით ოპოზიციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ხალხს არ ეკითხებიან, რომელი საარჩევნო სისტემა ურჩევნიათ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა – როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“. ახლა კი იგივე პოლიტიკოსები და ეგრეთ წოდებული ოფინიონ-მეიქერები ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებენ ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ”, – აცხადებს დეპუტატი.

მათი 78%, ვისაც პროპორციულზე სმენია, სისტემას მხარს უჭერს – IRI-ის კვლევა

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სრულად მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი ოლქების გაორმაგებისა და, შესაბამისად, ამ ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების რიცხოვნობის განახევრების პირობებში (150 ოლქი 73-ის მაგივრად), არსებითად გაუმჯობესდება მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხი, აგრეთვე, მათი საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა.

“გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში”, – ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.


დიმიტრი ხუნდაძე იმ 36 დეპუტატს შორისაა, რომელიც თვითონ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი, თუმცა კენჭისყრის წინ პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი