ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილთან იზოლატორში იმყოფებოდა

18 ნოემბერი, 2019 • 1380
რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილთან იზოლატორში იმყოფებოდა

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი ცხინვალის იზოლატორში დაკავებულ ექიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ მას რადიო თავისუფლება ესაუბრა.

“ჩვენ პარასკევს დაგვიჭირეს. ვაჟა გაფრინდაშვილი მოიყვანეს კვირას საღამოს. როგორც თავად მომიყვა, სოფელ მონასტერში დაიჭირეს, ეს რუსების კონტროლირებადი ტერიტორიაა ახლა.

ციხეში პირობები ძალიან ცუდია, მით უმეტეს, დაბლა კარცერში. არის უჰაერობა, ნესტი. მხოლოდ დღეში ერთხელ გაჭმევენ. სამი დღე არაფერი უჭმევიათ. ბატონმა ვაჟამ უთხრა, რას ჰქვია, რომელი კანონებით მოქმედებთ, რომელ ხანაში ხართ. მერე რა, რომ ეს ბიჭები ტყვეები არიან, ამათ უნდათ ყურადღება, სჭირდებათ ექიმი, მარა არაფერი. ერთჯერადი კვება გვქონდა, შუადღისას. ვინც იქ იყო, ჩემი და ვაჟას გარდა, სხვა ტყვეები, ყველას აზრი ის იყო, რომ ეს ადამიანი წუხდა ჩვენი ბედით. ჩვენი ბედი რომ არავის ადარდებს, ისიც კარგად იცოდა ვაჟამ. უნდოდა, რომ ჩვენი გასაჭირი გაეზიარებინა, თავისი თვალით ენახა და მე მგონი, რომ მიაღწევს. ყველაფერი დალაგდება და უვნებელი დაუბრუნდება ოჯახს. ვიცი, რომ მას ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა, ვისაც ოპერაცია გაუკეთა”, – აცხადებს შოთა ბიძინაშვილი.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი