ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გადმოგვცეს, რომ არის ჯანმრთელად და თავს მხნედ გრძნობს” – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

18 ნოემბერი, 2019 • 2324
“გადმოგვცეს, რომ არის ჯანმრთელად და თავს მხნედ გრძნობს” – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

“დღეს შევხვდით „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს”, მათ მოახერხეს მამას მონახულება და გასაუბრება. გადმოგვცეს, რომ არის ჯანმრთელად და თავს მხნედ გრძნობს. დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის”, – წერს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ვკითხულობთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა.

„წითელმა ჯვარმა საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წითელი ჯვრის დელეგატებმა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს  ვაჟა გაფრინდაშვილს გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წითელი ჯვრის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და „ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი