ახალი ამბები

“ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე” – სოზარ სუბარი

18 ნოემბერი, 2019 • 717
“ვიხილეთ აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე” – სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტთან მომიტინგეების ქცევა იყო უკანონო, რაზეც სახელმწიფოს წარმომადგენლების  მოვალეობა იყო, რომ ემოქმედა. მისი თქმით, პოლიციამ ეს უკანონობა აღკვეთა:

“როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, როგორც დღეს დილას ვიხილეთ, როდესაც ხდება ბოქლომების დადება პარლამენტის შენობაზე თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე, მაშინ, ბუნებრივია, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, მოვალეა, რომ იმოქმედოს. ეს უკანონობა აღკვეთილია, ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონობა. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ გაემართლებინათ მომიტინგეები, ისინიც ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კი პოლიციაზე “აღმაშფოთებელი თავდასხმები” განახორიელეს:

“განსაკუთრებით გამოვყოფ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მათი პარტიის თავმჯდომარის მათი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, რომელიც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა მათ. ეს სცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და, ბუნებრივია, ამის გამო “ნაციონალური მოძრაობა” გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს…”, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, თვითონ პროპორციული არჩევნების სისტემის მოწინააღმდეგე იყო თავიდანვე და ამის შესახებ საკუთარ პოზიციას მაშინაც აფიქსირებდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასხვლის სურვილი გამოაცხადა.


სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი