ახალი ამბები

პარლამენტში 15:00 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა ვერ ტარდება

18 ნოემბერი, 2019 • 1497
პარლამენტში 15:00 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა ვერ ტარდება

პარლამენტის შენობის პიკეტირების გამო ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, ვერ დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დეპუტატი დღეს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ხელი არ შეეშალოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას”

საქართველოს პარლამენტში დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე დაგეგმილი იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაც, რომელიც ვერ ჩატარდა.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი