ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ექიმის სიცოცხლის დაცვის მიზნით ევროსასამართლოსთვის მიმართვას საჭიროდ მიიჩნევს

18 ნოემბერი, 2019 • 1070
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ექიმის სიცოცხლის დაცვის მიზნით ევროსასამართლოსთვის მიმართვას საჭიროდ მიიჩნევს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაუყოვნებლივ მიმართოს ევროსასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

“აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემჭიდროებულ ვადებში სახელმწიფოსათვის ვალდებულების დაკისრებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოუსწორებელი შედეგები. მით უმეტეს, არსებობს უკვე დადასტურებული ფაქტები, როდესაც საოკუპაციო ძალებთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ტრაგიკულად დასრულდა.

ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთის ფედარაციას შესაძლოა დაევალოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, უსაფრთხების ზომების უზრუნველყოფა და გადაადგილების უფლების აღდგენა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე”.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში, წარმოადგინოს მისი ინტერესები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მოითხოვის დროებითი ღონისძიების გამოყენება.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი