ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და ცხინვალში სასულიერო პირთა გაგზავნა მიუღებელია – ილია მეორე კირილს

17 ნოემბერი, 2019 • 1960
სოხუმსა და ცხინვალში სასულიერო პირთა გაგზავნა მიუღებელია – ილია მეორე კირილს

“საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას”, – ვკითხულობთ წერილში, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს. 

„მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები. რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და ის მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას”.

პატრიარქი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ კირილი შესაძლებლობისამებრ მიიღებს ზომებს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი