ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხარდაჭერას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს – ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი, 2019 • 1033
მხარდაჭერას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს – ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცხინვალში დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში. ფედერაცია იმედოვნებს, რომ დაკავებული ექიმი მალე გათავისუფლდება.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება.

მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში,”-წერია განცხადებაში.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი