ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაფრინდაშვილი კატეგორიულად არ აღიარებს საზღვრის კვეთას – ექიმი დავით ღვინიაშვილი

16 ნოემბერი, 2019 • 1176
გაფრინდაშვილი კატეგორიულად არ აღიარებს საზღვრის კვეთას – ექიმი დავით ღვინიაშვილი

დავით ღვინიაშვილი, გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 15 ნოემბერს გათავისუფლებული მოქალაქეების ინფორმაციით,  რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთას და ამბობს, რომ იმყოფება ქართულ მიწაზე.

“ეს არის ინფორმაცია, რომელიც იმ გათავისუფლებული ადამიანებისგან მაქვს, ვისთანაც პროფესიულად მომიწია შეხვედრა. მათ ერთად მოუწიათ ცხინვალის იზოლატორში გარკვეული პერიოდით ყოფნა”, – ამბობს დავით ღვინიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

დავით ღვინიაშვილის კომენტარი აღნიშნულ საკითხზე პირველად qartli.ge-მ გაავრცელა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი