ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისთან ისევ დაძაბულობაა

16 ნოემბერი, 2019 • 753
“ქართული ოცნების” ოფისთან ისევ დაძაბულობაა

უკვე ერთ საათზე მეტია [12:30], რაც “ქართული ოცნების” ოფისთან დაძაბულობაა. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ცდილობენ, გამოხატონ პროტესტი, თუმცა პოლიცია მათ მმართველი პარტიის ოფისის მიმდებარედ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

“ქართული ოცნების” ოფისში დილის 11 საათიდან უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე “ოცნების” დეპუტატებს შენობაში შესვლა შეძახილებისა და საყვირების ფონზე უწევდათ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ადგილზე დაძაბულობაა. როგორც დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, ისინი მმართველ გუნდს ყოველთის, ყველგან შეუქმნიან დისკომფორტს და მათ მუდმივად ამ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა.

ადგილზე არის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც, რომელმაც თქვა, რომ აქციის მონაწილეებს “ოცნების” ოფისის შესასვლელების ბლოკირების საშუალებას არ მისცემს.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი