ახალი ამბები

“ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, ოპოზიცია აქციას მართავს

16 ნოემბერი, 2019 • 727
“ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, ოპოზიცია აქციას მართავს

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. აქ 11 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სიმშივიდეს ყველგან დაურღვევენ მმართველ გუნდს და არ მისცემენ საშუალებას, მუშაობა გააგრძელონ ისე, “თითქოს არაფერი მომხდარა”.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ხოშტარიამ ტვ “პირველს” უთხრა, მათ “ოცნებასთან” კითხვები არ აქვთ და იბრძვიან ერთადერთი რამისთვის – საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად, რომელიც, ხოშტარიას აზრით, ხალხს სწორედ “ქართულმა ოცნებამ” წაართვა.

აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ “ოცნების” ცენტრალური ოფისისის ერთ-ერთი შესასვლელი, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. მმართველი გუნდის დეპუტატებს სასტვენებისა და შეძახილების ფონზე უწევთ პარტიის ოფისში შესვლა.

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ მოახდენენს შენობის შესასვლელების პიკეტირებას. მისი თქმით, პოლიცია დაიცავს წესრიგს.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი