ახალი ამბები

მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება – საგარეო ცხინვალში ექიმის დაკავებაზე

15 ნოემბერი, 2019 • 882
მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება – საგარეო ცხინვალში ექიმის დაკავებაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება ხდება. მათივე ცნობით, გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკვშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უკვე ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, ისევე როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მკაფიოდ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.

აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში.

ზემოხსენებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები”,-წერია განცხადებაში.

რუსმა სამხედროებმა ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს, 15 ნოემბერს გაიმართა.

ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი