ახალი ამბები

გახარია ირწმუნება, რომ “ოცნების” ოფისში შეხვედრაზე მხოლოდ ბიუჯეტზე იმსჯელეს

15 ნოემბერი, 2019 • 1029
გახარია ირწმუნება, რომ “ოცნების” ოფისში შეხვედრაზე მხოლოდ ბიუჯეტზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა, ირწმუნება, რომ შეხვედრაზე მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.

გახარიას თქმით, ბიუჯეტი ქვეყნის ძირითადი დოკუმენტია და “ქართული ოცნების” მაჟორიტარებს მასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ:

“რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020 წლის ბიუჯეტზე. იყო ბევრი შეკითხვა მაჟორიტარებისგან, ჩვენ ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზეზი.

ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე, რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას. შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო და პოლიცია დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას და ასევე, იზრუნებს ბიუჯეტზე”, – ამბობს ქვეყნის პრემიერი.

ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეასრულა “ქართულმა ოცნებამ” დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, გიორგი გახარიამ პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ ქვეყანა ამ მოდელზე 2024 წლიდან გადავა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული:

“პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ის ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა გადაწყვეტილიყო. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ეს კონსტიტუციაშიც გვიდევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში” ,- ამბობს გიორგი გახარია.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.


20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი