ახალი ამბები

ვიმედოვნებ, პარლამენტი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხს დაუბრუნდება – კუბილიუსი

15 ნოემბერი, 2019 • 1342
ვიმედოვნებ, პარლამენტი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხს დაუბრუნდება – კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრი და ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენები შეშფოთების საფუძველი გახდა.

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ გუშინ გამართული კენჭისყრა გადამწყვეტი არ იქნება და მმართველი გუნდი შეასრულებს საკუთარ დაპირებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

“გულდასაწყვეტია, რომ მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერის კონსოლიდირება. შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო, საკუთარი ამომრჩევლებისთვის მოესმინა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს კენჭისყრა არ არის განმსაზღვრელი, პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და მოიძებნება კომპრომისი”, – წერს კუბილიუსი ფეისბუკზე..

ევროპარლამენტარი უმრავლესობას და უმცირესობას სთავაზობს, დაიწყონ საგნობრივი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შემოატრიალონ გუშინდელი რეგრესი ისე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, როგორც ამის პირობა გასცა საქართველოს მთავრობამ და რისი მომხრეცაა ყველა პოლიტიკური მოთამაშე.


საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კონსტიტუციური კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი