ახალი ამბებისაზოგადოება

ქარტია ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმაზე რეაგირებას ითხოვს

15 ნოემბერი, 2019 • 2664
ქარტია ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმაზე რეაგირებას ითხოვს

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო” შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგნელების მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო და საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ყურადღებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ჟურნალისტურმა” ეთიკის ქარტიამ” ამის შესახებ განცხადება დღეს, 15 ნოემბერს გამოაქვეყნა.

განცხადებაში საუბარია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მხრიდან ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კრიტიკული კითხვების საპასუხოდ ჟურნალისტის დადანაშაულების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგნლები “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას” ესხმიან თავს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო” შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. გუშინ, 14 ნოემბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “ტელეკომპანია პირველის” ტოქშოუს წამყვანის კრიტიკული კითხვების პასუხად “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” წამყვანსაც: “მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას” ,- ასე მიმართა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ბაკურიძეს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც”, – წერია ქარტიის განცხადებაში.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან ხედავენ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების სურვილს. მაგალითად კი ასახელებენ ტელევიზიის მმართველობაში განხორციელბულ ცვლილებებს.

“ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები, დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტია” საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოში პილიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ ყურადღება ჟურნალისტების დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე და ყველა მსგავს შემთხვევაში მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება.

“ისაუბრეთ ნაცმოძრაობის სახელით” – კობახიძე ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი