ახალი ამბები

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე კარვებში გაატარა

15 ნოემბერი, 2019 • 846
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე კარვებში გაატარა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 14 ნოემბრის ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ კარვებში გაატარეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ხოშტარიამ ნეტგაზეთს უთხრა, ღამემ მშვიდად ჩაიარა და პოლიციასთან დაპირისპირება არ ყოფილა.

“ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას წაართვას არჩევნები, რაც არსებითად ნიშნავს ხელისუფლების უზურპაციას. ჩვენ თუ ამაზე მწვავე რეაქცია არ გვექნება, ჩვენ უბრალოდ უარს ვამბობთ, რომ რაიმე გავლენა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, ისინი პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი