ახალი ამბები

ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო – ჯონათან კაცი

15 ნოემბერი, 2019 •
ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო – ჯონათან კაცი

“ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებული არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომელიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში,”- ამბობს ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კაცისა და სხვა ექსპერტების კომენტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც:

“ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ პოტენციურად ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი”, – თქვა ჯონათან კაცმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება:

“მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა ივნისის მოვლენების შემდეგ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის, შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და იმედი მაქვს, რომ გადაიდგმევა პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ”.

მოვლენებს უარყოფითად აფასებს ლუის ნავაროც, ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი. მისი აზრით, ქართული ოცნება შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე:

“სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებული არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური “ახალი სახეების” აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს ასევე არის სრული უპატივცემულობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით”, – ამბობს ნავარო.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი