ახალი ამბები

პარლამენტთან აქცია დასრულდა, დემონსტრანტების ნაწილი კარვებში რჩება

15 ნოემბერი, 2019 • 1369
პარლამენტთან აქცია დასრულდა, დემონსტრანტების ნაწილი კარვებში რჩება

14 ნოემბრის აქცია, რომელიც პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას მოჰყვა, დასრულდა. თუმცა დემონსტრანტების ნაწილი ღამის გასათენებლად პარლამენტის შენობასთან, გზის სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებში რჩება.

გვიან ღამით პოლიციამ იქ ჯებირები მიიტანა და დემონსტრანტები გამზირის ქვედა ნაწილისგან გამიჯნა.

პარლამენტთან აქციის პარალელურად, დემონსტრანტების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც ავიდა, სადაც დატოვეს შემდეგ წარწერები:

წარწერები ივანიშვილის რეზიდენციასთან

წარწერები ივანიშვილის რეზიდენციასთან

წარწერები ივანიშვილის რეზიდენციასთან

აქცია 15 ნოემბერს განახლდება. ასევე, ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი 17 ნოემბერს. ამჟამად დემონსტრანტები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი, ითხოვენ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

„ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ [პროპორციულ არჩევნებს]“, — განაცხადა აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი