ახალი ამბები

„არ ვარ ჩმორი“, ყველანი შეუერთდით აქციას – გიორგი ვაშაძე

14 ნოემბერი, 2019 • 1235
„არ ვარ ჩმორი“, ყველანი შეუერთდით აქციას – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც პარლამენტთან აქციაზე იმყოფება, მოსახლეობას მოუწოდებს, დემონსტრაციას შეუერთდნენ.

ტელეარხ „ფორმულასთან“ საუბარში ვაშაძემ განაცხადა: „ახლა ძალიან მაგარი აქცია დაიწყეს, როგორც ჩანს, ახალგაზრდებმა, რომლებიც კრეატიულები არიან, მოიფიქრეს: „არ ვარ ჩმორი“. თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ ვართ ჩმორები, უნდა გამოვიდეთ გარეთ. მე ტელევიზიით ვამბობ: „არ ვარ ჩმორი“ და შეუერთდით ყველანი ამ აქციას. და ეს ჩმორები ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ თავიდან“.

ვაშაძის თქმით, აქცია უწყვეტად გაგრძელდება, თუმცა კვირას,  3 საათზე აანონსებს შეკრებას.

„ხალხი მოვიდა, კარვები დადო, ზოგიერთი მოვიდა და სცენას მართავს. აი, ეს არის თვითორგანიზება, თვითორგანიზება, თვითორგანიზება. ამას არ ჰყავს ერთი კონკრეტული ორგანიზატორი. ხალხმა უნდა გამოვიღვიძოს“, — ამბობს ვაშაძე.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი