ახალი ამბები

ვადამდელი პროპორციული არჩევნები და გარდამავალი მთავრობა – ოპოზიციის მოთხოვნები

14 ნოემბერი, 2019 • 1703
ვადამდელი პროპორციული არჩევნები და გარდამავალი მთავრობა – ოპოზიციის მოთხოვნები

მოძრაობის – “ქვეყნის სამსახურში” – ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიღწეულია მთავარი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც:

  1. უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები;
  2. არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობის პირობებში.

დიღმელაშვილის თქმით, ივანიშვილმა დაკარგა ლეგიტიმაცია და ის ვერ ჩააატრებს არჩევნებს. მისი თქმით, მოქმედების მთავარი ფორმულა იქნება “ყველას მინუს ივანიშვილი”.

“ბიძინა ივანშვილის მთავრობას არ აქვს არანაირი ლეგიტიმიაცია. რა უნდა დავიჯეროთ ხალხმა, რომ ის მონების აჯანყების სცენარი, რომელიც დაგვიდგეს, სინამდვილეში მოხდა? ვის აქვს ამ მაჟორიტარებში გამბედაობა იმისა, რომ ივანიშვილს ეურჩოს? არავის! ისინი არიან მონები!” – თქვა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. მან თქვა, რომ ოპოზიცია ერთიანია და შეთანხმებულია მოთხოვნები. აღნიშნულს წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების რამდენიმესაათიანი თათბირი.

“ამის მოთმენა უკვე არ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით იმიტომ, რომ სახელმწიფოს გარდა არაფერი დაგვრჩა და იმასაც გვართმევენ.

ჩვენ იმ თათბირზე, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავით, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია. მთელი ოპოზიცია, ყველა იდეოლოგიური განსხვავებებით გვერდზე გადადებული, შევთანხმდით: ვადამდელი არჩევნები და ცესკო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე” ,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. მისივე თქმით, 17 ნოემბერს იგეგმება მასშტაბური, მთავარი აქცია.

იმის შესახებ, რომ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს შორის არის გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, ადასტურებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი