ახალი ამბები

რიგგარეშე პროპორციული არჩევნები — რა მოთხოვნაზე შეთანხმდა ოპოზიცია

14 ნოემბერი, 2019 • 1972
რიგგარეშე პროპორციული არჩევნები — რა მოთხოვნაზე შეთანხმდა ოპოზიცია

„ლეიბორისტულ პარტიის“ოფისში ოპოზიციური პარტიების თათბირის შემდეგ  პარტიების ლიდერების ნაწილმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, მოითხოვონ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები.

„განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ [ოპოზიციურმა პარტიებმა] ყველამ ერთად შევძელით საერთო პოზიციაზე შეჯერება: კრიზისიდან გამოსავალი ერთია — ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. მთავარია, რომ პროპორციული იყოს ეს არჩევნები“.

გიგი უგულავამ მაგალითად დაასახელა ე.წ გერმანული მოდელი, რომელსაც, მისი თქმით, არ სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება და პარლამენტში გასატანად უბრალო უმრავლესობაც საკმარისია.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის: ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, შენების მოძრაობა, “პატრიოტთა ალიანსი”, “რესპუბლიკელები”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი განიხილავენ სამოქმედო გეგმას, მათ შორის, ქუჩის აქციებს, დაუმორჩილებლობას და სხვა. “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, თუნდაც არსებული სისტემით.

როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი