ახალი ამბები

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

14 ნოემბერი, 2019 • 1969
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შესათანხებლად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, შენების მოძრაობა, “პატრიოტთა ალიანსი”, “რესპუბლიკელები”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი განიხილავენ სამოქმედო გეგმას, მათ შორის, ქუჩის აქციებს, დაუმორჩილებლობას და ა.შ. “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, თუნდაც არსებული სისტემით.

როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“საქართველოში არის ადამიანი, ვისაც გუშინდელი დადგმული უნიჭო სცენარის სჯერა? ხუნდაძამ ჩააგდო ეს გადაწყვეტილებაო იგივეა, რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს მისი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდნენო. სასაცილოა ხელისუფლების განცხადებები, რომ “ნაცმოძრობამ” პროპორციულზე გადასვლა. თქვენ ნორმალურები ხართ?! რომ იკრიბებით და მესიჯბოქსებს ალაგებთ, ისე მაინც დაალაგეთ, ხალხი სიცილით არ მოკვდეს”,- მიმართა ხელისუფლებას ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

კონსტიტუციის ფარგლებში აჯანყებაზე საუბრობს პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

“როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ: საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვა, განგაში, საელჩოების შეკრება. ივანიშვილმა საქართველო გადააგდო საქართველოს დამოუკიდებლობაში. ჩვენ კანონის ჩარჩოებში ვიმოქმედებთ. ჩვენ გვეშინია ამ სიტყვის, მაგრამ ჩავხედოთ კონსტიტუციას – ჯანყის უფლება  კონსტიტუციას ხალხისთვის არ წაურთმევია. როცა უზურპატორი არის სათავეში, ხალხს აქვს ჯანყის უფლება კანონით და სამართლით”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი