ახალი ამბები

NGO-ები ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ

14 ნოემბერი, 2019 • 820
NGO-ები ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, არ ჩააგდონ პროპორციული არჩევნების კანონპროექტი. მათი განცხადებით, აღნიშნული რეფორმის განხორციელება ხელისუფლების ვალდებულებაა:

“ჩვენ ერთობლივად მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დარჩეს საკუთარი სიტყის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საზოგადოება და მხარი დაუჭიროს პროპორციული არჩევნების შემოღებას ქვეყანაში” ,- განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში დღეს, 14 ნოემბერს გაიმართა.

მან ასევე განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ უნდა გავიდეს კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შესახებაც თანხმდებიან როგორც ოპოზიციის, ასევე, მთავრობის წარმოამდგენლები:

“იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სრული კონსენსუსი რაღაც საკითხთან მიმართებით, როგორ შეიძლება ამ კონსენსუსს ძირი გამოუთხაროს რამდენიმე ინდივიდუალურმა პირმა, რომელთა განსხვავებული აზრიც კი არ გვიხილავს არცერთ საკითხზე”, – ამბობს ბენიძე.

ოპოზიციას და ხელისუფლების წარმოამდგენლებს მობილიზებისკენ მოუწოდებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძეც:

“დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წინაშე, რომ ორივე მათგანმა მაქსიმალურად უზრუნველყონ ძალების მობილიზება და დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს” ,- განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, მიიღოს სრულიად დაუმსახურებელი უპირატესობა.

დღეს მმართველი პარტიის ოფისში 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი