ახალი ამბები

“საკმაოდ ბევრნი ვართ, დღეს უნდა მორჩეს” – ხუნდაძე პროპორციულზე

14 ნოემბერი, 2019 • 875
“საკმაოდ ბევრნი ვართ, დღეს უნდა მორჩეს” – ხუნდაძე პროპორციულზე

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ იმავე აზრზე რჩება და არ აპირებს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

დეპუტატი აცხადებს, რომ მისი თანამოაზრეები “საკმაოდ ბევრნი” არიან და კენჭისყრის პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მის აზრზე არ არიან მხოლოდ მაჟორიტარები. ამის შესახებ ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 14 ნოემბერს, 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი