ახალი ამბები

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

13 ნოემბერი, 2019 • 1178
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონატიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში საზოგადოებრივი მოძრაობა “სირცხვილია” პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შეასრულოს საკუთარი დაპირება და გააუქმოს მაჟოროტარული საარჩევნო სისტემა.

” უნდა შევინარჩუნოთ პროტესტის კერა და გავაფრთხილოთ ხელისუფლება – გაგვაწნიან სილას, მიიღებენ პანჩურს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საინფორმაციო აქციაზე.

#სირცხვილიას აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან ხვალ, პლენარული სხდომის პარალელურადაც შეიკრიბებიან. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების თქმით, თუ ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

დღეს, 13 ნოემბერს, პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო ხვალ, 12 საათამდე. მანამდე კი უმრავლესობა “ოცნების” ოფიში სხდომას გამართავს.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი