ახალი ამბები

პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადეს

13 ნოემბერი, 2019 • 1004
პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადეს

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო.

კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს, გაიმართება. პლენარული სხდომია 12 საათზეა ჩანიშნული. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

13 ნოემბერს, საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე, გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

თუმცა განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, შესვენების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ ხვალამდე გადაედოთ კენჭისყრა, რათა კიდევ ერთხელ შეჯერებულიყო პოზიციები უმრავლესობაში.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან ითათბირა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

მასალა ახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი