ISFED დეპუტატებს მოუწოდებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” პარლამენტის წევრებს მოუწოდებ,ს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 ნოემბერს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს.

12 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა. 12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიან ამ კანონპროექტის ინიციატორები.

პარალელური (შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით დემოკრატიული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. ივნისის თვეში მასშტაბურ აქციებზე საზოგადოების მხრიდან პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პასუხად, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ ეს დაპირება საზოგადოებას 24 ივნისს საჯაროდ მისცა. მას შემდეგ მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა პარლამენტში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელმაც გასულ თვეებში შესაბამისი პროცედურები გაიარა, მათ შორის – საერთო სახალხო განხილვები. ამ პროცესის განმავლობაში იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, ვინც დღეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, არც ერთხელ გაუჟღერებიათ თავიანთი წინააღმდეგობა ან განსხვავებული აზრი საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა აზრი შეიცვალა პროპორციულ არჩევნებზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მათ საკონსტიტუციო კომისიაში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. როგორც ჩანს, ისევე როგორც გასულ წლებში, საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნების სურვილია. ეს თავის მხრივ, ამყარებს მოსაზრებას, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და 2020 წლის არჩევნებისთვის მმართველი პარტიას მაჟორიტარულ სისტემაზე, როგორც სასურველი მანდატების მოპოვების გარანტიაზე, უარის თქმა არ უნდა.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე”, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

  • მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.
  • ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com