ახალი ამბები

ლომჯარია პარლამენტს მოუწოდებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

13 ნოემბერი, 2019 • 746
ლომჯარია პარლამენტს მოუწოდებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწდებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭიროს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმება მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის და ის დემოკრატიის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას! ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება!”-წერს ლომჯარია Facebook-ზე.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი