ახალი ამბები

ვოლსკი: ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა

13 ნოემბერი, 2019 • 942
ვოლსკი: ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ გუნდის დიდი ნაწილი პროპორტიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა.

გია ვოლსკის თქმით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე მთავარი დებატები დღეს გაიმართება:

“მე ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობა არის, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ. მოსმენა იქნება, ირაკლიმ [კობახიძე] დღეს,  დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთნ დაკვშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი და წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა, რასაკვირველია, ამის საშუალება გვექნება.

როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისათვის, ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს რაღაცა ფორმით, კენჭისყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ მოხდეს”, – ამბობს ვოლსკი.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გამო გუნდი არ უნდა გაიყოს, ხოლო რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, ვოლსკი ამბობს, რომ ის გუნდს უსმენს, გუნდის დიდი ნაწილი კი პროპორციულზე გადასვლის მომხრეა:

“იქ ყველაფერი ითქვა. დღეს ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და ჩვენთან ერთად იყო. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკვშირებით, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე იმიტომ, რომ ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და, ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავებთ ერთად.

ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა… ეს ნარატივი არსებობს, რომ თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს [საკითხებს]. [ივანიშვილი] გუნდს უსმენს და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92- მა ხელმოწერამ დაადასტურა”, – ამბობს ვოლსკი

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი