ახალი ამბები

“პოლიტიკური სპექტრი დღეს არ არის მზად პროპორციულზე გადასასვლელად” – ხუნდაძე

13 ნოემბერი, 2019 • 1012
“პოლიტიკური სპექტრი დღეს არ არის მზად პროპორციულზე გადასასვლელად” – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად და პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.  ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შესვლამდე, დღეს, 13 ნოემბერს ისაუბრა.

მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით (უქმდება მაჟორიტარების სისტემა) ჩატარების საკითხი უნდა განიხილონ, შემდეგ კი პარლამენტში უნდა გაიმართოს კენჭისყრა.

“ეს არ არის გუშინდელი გადაწყვეტილება, მე ამ სისტემას ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი და ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს იყო პირობადადებული, როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა იმის გარანტია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ამაში დღეს პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნებას ეცდება.

ხუნდაძის განმარტებით, კიდევ გამოჩნდებიან პარლამენტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

“პირველი პირობა იყო ის, რომ 2024 წელს უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მანამდე კი შევძლებდით, რომ თვითმმართველობა იყოს ძლიერი…

მეორე პირობა 20-21 ივნისის ღამის შემდეგ იქნა გაცემული და იყო იმგვარად ახსნილი, თითქოს აქციები დაშოშმინდება”, – ამბობს ხუნდაძე და დასძენს, რომ ეს პირობაც დაირღვა, ვინაიდან აქციები არ შეწყვეტილა. საწინააღმდეგოდ კი საჯარო მოხელეებისა და ხელოსუფლების მიმართ დესტრუქციული ქმედებები მოჰყვა.

“დაბოლოს, გალაშქრება პატრიარქზე და რწმენაზე, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი დღეს მზად არ არის”, – განმარტავს ხუნდაძე.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024-სა, ამოქმედდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი