ახალი ამბები

არ მგონია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება შეიცვლება – კაკულია

13 ნოემბერი, 2019 • 613
არ მგონია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება შეიცვლება – კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პროპორციულ წესზე გადასვლის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა დამოკიდებულებამ შეიძლება ადამიანთა ნაწილი გააღიზიანა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შესვლამდე, დღეს, 13 ნოემბერს ისაუბრა.

მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით (უქმდება მაჟორიტარების სისტემა) ჩატარების საკითხი უნდა განიხილონ, შემდეგ კი პარლამენტში უნდა გაიმართოს კენჭისყრა.

“არ მგონია, რომ იქნება ცვლილება იმიტომ, რომ რაც იყო დაპირება, ალბათ, ისევ გაგრძელდება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის საკმაოდ არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ”, – ამბობს რომან კაკულია.

მისივე თქმით, პროპორციული წესი ხელს უწყობს როგორც დემოკრატიის, ისე პოპულიზმის განვითარებას. დეპუტატის მოსაზრებით, “ხალხმა დაკარგა თანამონაწილეობის შეგრძნება ოპოზიციის ამდენი შეძახილით, რომ ხელისუფლებამ იძულებით მიიღო ეს გადაწყვეტილება”.

“პრინციპში, ეს იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და მოდი, არ გავაზვიადოთ და არ ვთქვათ, რომ ეს იყო მიუხედავად იმისა, რომ 10 000 ადამიანი, რაც ძალიან ბევრია… ეს იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, რომელმაც ძალიან არაადეკვატურად უპასუხა.

არ გამოვრიცხავ, რომ ამან ადამიანები გააღიზიანა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი”,- ამბობს კაკლია.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024-სა, ამოქმედდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი