ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართება

13 ნოემბერი, 2019 • 1083
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართება

პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას 13 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე განაახლებს.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული, მანამდე კი, 10:00 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება. უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებს.

“ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს, რატომ არის მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ მათ დარწმუნებას ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილებაში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, მმართველმა გუნდმა შეასრულოს საკუთარი დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.


პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრო და 13 ნოემბერს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი