ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

12 ნოემბერი, 2019 • 918
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

მოძრაობამ “ქვეყნის სამსახურში” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად დღეს, 20:00 სთ-ზე პარლამენტთან აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, მმართველმა გუნდმა შეასრულოს საკუთარი დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.

“პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება! 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს. მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპროციურ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი