ბესელიას ვარაუდით, “ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაშლას აპირებს

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

პლენარული სხდომა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავიანთ გამოსვლაში გამოექომაგნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციის სკეპტიციზმი ამ პროექტის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პატრიარქზე შტურმის მიტანაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა კოლეგებს მმართველი გუნდიდან “ივანიშვილის გოშიები” უწოდა.

“თქვენ რომ სააკაშვილის პუდელი გიწოდოთ, მოგეწონება?” – მიმართა სამადაშვილს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მიხეილ ყაველაშვილი და აკაკი ბობოხიძე, ასევე, დაჩი ბერაია და გედევან ფოფხაძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ხმაური და დაპირისპირება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაშლას ემსახურება.

“ამ სხდომაზე უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ველოდებით, რომ კენჭისყრა უნდა შედგეს. ჩემი ინტუიცია არ მღალატობს ხოლმე და რაღაც ასეთი განცდა მაქვს, რომ უმრავლესობის წევრებს ეს კენჭისყრა  არ უნდათ და მიზეზს ეძებენ.  ძალით გაბრაზება, კუნთებზე ყურება და ძველბიჭური ქცევები ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. ძაღლი ხმამაღლა მაშინ ყეფს, როცა ეშინია. არ მინდა ბოლომდე გამიმართლდეს ინსტუიცია. ამიტომ, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, არის ის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და კენჭისყრამდე მივიდეს პროცესი”, – განაცხადა ბესელიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.