ახალი ამბები

შსს-ს ჰქონდა ვალდებულება, პრევენციული რეაგირება მოეხდინა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე – WISG

9 ნოემბერი, 2019 • 1454
შსს-ს ჰქონდა ვალდებულება, პრევენციული რეაგირება მოეხდინა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე – WISG

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) მიიჩნევს, რომ შსს-ს ჰქონდა ვალდებულება, პრევენციული რეაგირება მოეხდინა ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე და გამოძიება დაეწყო იმ ღია მუქარის შემცველ განცხადებებზე, რომელსაც სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და ძალადობრივი ჯგუფების სხვა ლიდერები და წევრები ავრცელებდნენ.

“თუმცა, პოლიციას არც წინა დღეებში დაუწყია ძალადობრივი განცხადებების საფუძველზე გამოძიება, ხოლო პრემიერის საღამოს, სამართალდამცავმა უწყებამ ვერ ან არ უზრუნველყო სათანადო კორდონი გაეკეთებინა, რათა ძალადობრივი ჯგუფების ყველაზე მასშტაბური ნაკადისთვის საშუალება არ მიეცა დაეკავებინათ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორია. Აქ მობილიზებული ჯგუფის მოქმედება ბევრჯერ გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს”, – აცხადებს WISG.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიის მანიფესტირებას, რაზეც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.”

ლევან ვასაძეს და ქართული მარშის მოძრაობას აქამდე არაერთხელ უცდიათ, აგრესიულად და ძალადობრივად, ხელი შეეშალათ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის საპროტესტო აქციებისა თუ აქტივობებისთვის. აშკარაა, რომ მათი საქმიანობა მომართულია კონკრეტული სამოქალაქო და აქტივისტური ჯგუფების, განსაკუთრებით კი ლგბტქი თემის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ვერ ან არ ახერხებენ შეამჩნიონ მათი ძალადობრივი რიტორიკა და მოტივაცია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას თავად ცდილობს – ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს მედიის მიერ ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაშუქებას:

შემაშფოთებელია, მედიის მუშაობაც მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, როცა ჟურნალისტები ყოველგვარი პასუხისმგემლობის მოხსნით, კრიტიკული კითხვების გარეშე და ეთიკის სტანდარტების დარღვევით, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს და წევრებს საშუალებას აძლევენ პირდაპირ ეთერში კამერების წინ გააკეთონ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებები და ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებები.

WISG მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:

  • სამართალდამცავი უწყება არ შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეულ ადმინისტრაცული სამართალდარღვევებზე რეაგირებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების – ლევან ვასაძის, ქართული მარშის ლიდერების, მათ შორის სანდრო ბრეგაძის და სხვათა – მიერ და ბრალი წარედგინოთ მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
  • იმის გათვალისწინებით, რომ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება კიდევ ორი დღე გრძელდება, სათანადოდ შეაფასოს და დაუყოვნებლივ მიიღოს უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ადეკვატური ზომები.
  • Რაც შეეხება Ძალადობრივი ჯუფების შეკრების და გამოხატვის უფლების რეალიზებას, გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები, რაც გულისხმობს მათ შეკრებას წინასწარ შერჩეულ ადგილას კორდონით დაცულ ტერიტორიაზე.

საქართველოს ხელისუფლებას:

  • აღიაროს ჰომოფობია სისტემურ პრობლემად, გაატაროს ჰომო/ბი/ტრანსფობიის შემცირებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკა და ასახოს ეს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში.
  • Სასწრაფოდ შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;

WISG-ის განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი