ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

9 ნოემბერი, 2019 • 2010
დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, “ამირანის” წინ რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მუხლი 126. ძალადობა არის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია  – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჰომოფობიური ჯგუფებების მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კინოთეატრ “ამირანთან” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით ბერძენიშვილისთვის ხელის ჩარტყმა სცადა. პოლიციელებმა მისი ადგილიდან უსაფრთხოდ გაყვანა შეძლეს.

აქციის მონაწილე ბერძენიშვილს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც ჟურნალისტებთან საუბარს მორჩა. ინტერვიუს დროს აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბერძენიშვილის თქმით, ყველას, ვისაც აქვს ფილმის ნახვის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ბერძენიშვილმა რუსეთიდან მართული უწოდა აქციის ორგანიზატორებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ამავე თემაზე

კინოჩვენებისას მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი