იეჰოვას მოწმეების ადვოკატი მანუჩარ ციმინტია ამბობს, რომ სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ ჩამოყალიბებულმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც სამეფო დარბაზის მშენებლობას ეწინააღმდეგება, მათ 2015 წლის 21 აპრილს მუქარის წერილი გამოუგზავნეს.
ციმინტიას თქმით, ისინი წერილში წერენ, რომ თუ იეჰოვას მოწმეები არ დაემორჩილებიან მათ მოთხოვნას მშენებლობის გაუქმების შესახებ, მაშინ იეჰოვას მოწმეებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ციმინტია ამბობს, რომ მართლმადიდებელთა ნაწილის თქმით, იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ უფლება, რომ ააშენონ სამეფო დარბაზი. ციმინტიას თქმით, 26 აპრილს, 16 საათზე თერჯოლაში შეიკრიბებიან და მშენებლობას გააპროტესტებენ.
თერჯოლის მოსახლეობის ნაწილმა სამეფო დარბაზის მშენებლობა 2014 წლის ივნისშიც გააპროტესტა, რის შემდეგაც გამგეობამ კონფესიას მშენებლობის ნებართვა გაუუქმა, რადგან თერჯოლის მცხოვრებმა გამგეობას მიმართა, რომ მშენებლობა მის სახლს აზიანებდა.
ციმინტიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, რომ მშენებლობა ადგილობრივი მცხოვრების სახლს არ აზიანებდა, გამგეობამ მაინც არ გაუგრძელა მშენებლობის ნებარვთა. ამის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც დაავალა გამგეობას მშენებლობის ნებართვა გაეგრძელებინა.
ციმინტიას თქმით, გამგეობას ჯერ არ გაუგრძელებია მშენებლობის ნებართვა, ხოლო მრევლისა და სამღვდელოების ნაწილი აქციის გამართვას გეგმავს. ციმინტიას აზრით, გამგეობა მათ იყენებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
“მაგრამ ამის აღსრულება არ უნდათ და გემგეობის ხელის დასმით, საინიციატივო ჯგუფია თუ რაღაც, დარბაზი შექმნეს და ამათ გადააბარეს. უნდათ, რომ ხელი შეუშალონ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას”, -ამბობს მანუჩარ ციმინტია.
ადამიანის უფლებებისა და მონიტორნგის ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დროულად უნდა ჩაერიოს თერჯოლაში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების მიზნით და მან უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები.
იურისტები მიინევენ, რომ წინა წელს თერჯოლაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფომ ეფექტურად არ უპასუხა და არ აღიარა გამოვლენილი კონფლიქტის რელიგიური ბუნება და იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი.









