ახალი ამბები

მარგველაშვილი: ლუკაშენკოს როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია

24 აპრილი, 2015 •
მარგველაშვილი: ლუკაშენკოს როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს იცნობენ როგორც ადამიანს, რომელმაც “ძალიან ბევრი გაუკეთა ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს, ასეთ ადამიანთან მეგობრობა და პარტნიორიბა, დარწმუნებული ვარ, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის და ბელორუსისთვის”.

 

მარგველაშვილმა მედიასთან საუბარში ბელორუსისა და საქართველოს პოლიტიკურ არჩევანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის არჩევანი თანამშრომლობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

“გუშინ მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ  სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ვუყურებთ როგორც შესაძლებლობებს და არა როგორც ბარიერების შემქმნელ ფენომენს. მინდა  ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი, რომელიც პატივს ცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთერთობების გაღრმავებასა და საერთო მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დღეს, 24 აპრილს ბათუმს ეწვია, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართა.

 

ბათუმშივე გიორგი მარგველაშვილი ბელორუს კოლეგას, ვიზიტის ბოლოს,  არაფორმალურ გარემოში პირისპირ კიდევ ერთხელ შეხვდა.

 

ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ქალაქების, ბათუმისა და ბრესტის დამეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა.  

 

ვიზიტის დასასრულს საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა მედიასთან შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს.

 

ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა დიპლომატიური წარმომადგნელობის გახსნასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის გაღრმავებას.

 

 

გიორგი მარგველაშვილი; ალექსანდრ ლუკაშენკო; ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გიორგი მარგველაშვილი; ალექსანდრ ლუკაშენკო; ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი