ახალი ამბები

შსს: თაღლითებმა მანქანების დალომბარდების სქემით საფინანსო ორგანიზაციები დააზარალეს

24 აპრილი, 2015 •
შსს: თაღლითებმა მანქანების დალომბარდების სქემით საფინანსო ორგანიზაციები დააზარალეს

დაკავებულები არიან რუსეთის მოქალაქე, 42 წლის მიხაილ მ, 36 წლის აგიტა მ, 32 წლის ვლადიმირ ს. და 42 წლის ალან ლ. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახდენდნენ განბაჟებას.

 

“თაღლითური დაჯგუფების წევრები უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულების თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტაცია და სალომბარდე ხელშეკრულებები ნივთმტკიცებად ამოიღეს: “ასევე ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული სამი ავტომანქანა. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი