ახალი ამბები

ალექსანდრიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს – მედია

8 ნოემბერი, 2019 • 1994
ალექსანდრიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს – მედია

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ დღევანდელი ლიტურგიისას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებს შორის მოიხსენია, რითაც ფაქტობრივად აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Romfea.gr-მა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრიის საპატრიარქო მეორე იქნება საბერძნეთის ეკლესიის შემდეგ, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ოფიციალურად აღიარებს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევსრატი ზორიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალექსანდრიის პატრიარქი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად განაცხადებს უკრაინის ეკლესიის აღიარების შესახებ.

“ინფორმაციის სანდოობა დასტურდება ორი წყაროს მიერ. მოგვიანებით მოსალოდნელია ოფიციალური შეტყობინება”, – აღნიშნა მან.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს 2019 წლის იანვარში მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია პირველმა საბერძნეთის ეკლესიამ აღიარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი