ახალი ამბები

17 მაისის არასაკმარისად გააზრების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენს დაშინებას ცდილობენ – ძიაპშიპა

8 ნოემბერი, 2019 • 1138
17 მაისის არასაკმარისად გააზრების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენს დაშინებას ცდილობენ – ძიაპშიპა

“ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ გააზრების ფუნქციის მნიშვნელობას ვერ ვხვდებით. იგივე 17 მაისის არასაკმარისად გააზრების გამო ხდება ის, რომ დღესაც მსგავსი მოქმედებებით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და ცენზურის დაწესებას, რომელიც გვეუბნება, რომ კინოში არ უნდა წავიდეთ“,  – ამბობს ნეტგაზეთთან კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ“ – საუბრისას.

ძიაპშიპა მიიჩნევს, რომ სწორედ პრობლემის გაუაზრებლობაა მიზეზი, რის გამოც კონკრეტული თემატიკის ფილმზე წასვლისას საქართველოს მოქალაქეს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე უწევს ფიქრი, რაც მიუღებელია.

კინოდოკუმენტალისტი ამბობს, რომ გარდა ამისა, არსებობს ცენზურის მეორე მხარეც, რომლის შედეგადაც ფილმის შინაარსობრივი მხარე იკარგება და მასზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე, მსჯელობა აღარ ხდება.

“ეს რჩება თემატიკის დონეზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ თემატიკის წამოწევაც, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ვითარებაში ფილმზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე, საუბარი და მისი ამ კუთხით გაშლა აღარ ხდება, იკარგება მისი სხვა ღირებულებები“ ,- ამბობს ძიაპშიპა.

მისივე განმარტებით, სწორედ ცენზურისა და პრობლემების გადაუფასებლობის გამო ხდება ის, რომ “ისევ იმ ჩიხში ვართ, რომელშიც ვიყავი 2000-იან წლებში, “ჰარი პოტერისა თუ “ და ვინჩის კოდის“ ჩვენებამდე გამართული პროტესტის დროს“. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძიაპშიპას თქმით, ის, რომ ფილმზე თითქმის ყველა ბილეთი გაიყიდა, იმედის საფუძველს მაინც იძლევა.

“მინდა ფილმზე მომუშავე გუნდს მოვულოცო, რომ ცენზურის მიუხედავად, ასეთი ფილმი გადაიღო. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ეს დემოაკიდებულება ნელ-ნელა შეიცვლება და ჩვენ ამ და სხვა მსგავსი ფილმების განხილვის საშუალება გვექნება“,- ამბობს ის.

დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრა ნაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი