ახალი ამბები

ექსპერტული დისკუსიები თუ კონსპირაციული შეხვედრები ნანა კაკაბაძის სახლში “ციანიდის საქმეზე”

7 ნოემბერი, 2019 • 1768
ექსპერტული დისკუსიები თუ კონსპირაციული შეხვედრები ნანა კაკაბაძის სახლში “ციანიდის საქმეზე”

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ გასულ წლებში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომლის მონაწილე ცნობილი ადამიანები, მათ შორის ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და სხვები, “ციანიდის საქმესთან დაკავშირებით“ საზოგადოებაში გასავრცელებლად სახელისუფლო ნარატივების შექმნაზე მუშაობდნენ.

თავად კაკაბაძე და ნიკოლეიშვილი შეხვედრების არსებობას ადასტურებენ, თუმცა სხვა დანარჩენზე ტიგინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.

რას ყვება გიორგი ტიგინაშვილი

გიორგი ტიგინაშვილმა “მთავარი არხის” ეთერსა და საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე  განაცხადა, რომ ზემოხსენებულ შეხვედრებზე ფილოსოფოსმა და მისმა მეგობარმა ზაზა შათირიშვილმა დაპატიჟა.

თეოლოგის განცხადებით, შათირაშვილმა მას უთხრა: “ვიცით, რომ ხარ კონსერვატორი, ჩვენი მეგობარი, სანდო პირი და მე მინდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე დაგიძახოო“.

“მთავარი წამყვანი თემა იყო ციანიდის სკანდალი – მე ვფქირობდი, რომ აქ იყო ნეიტრალური ტიპის მსჯელობა და [ჩემი სახით] სუფთა გულშემატკივრის პოზიციიდან გამოსავლის მოძიება. დავინახე, რომ რაღაც დონეზე აქ იყო ორკესტრირებული უნისონების სინქრონი, გარკვეული დავალებები იკვეთებოდა “ფარული ხელის“,- ამბობს ტიგინაშვილი.

მისივე თქმით, შეხვედრა ნანა კაკაბაძის სახლში გაიმართა, რა დროსაც მისთვის უცნობმა პროკურორმა დარეკა. ტიგინაშვილი აღწერს, რომ პროკურორი “ჩაერთო ხმამაღალზე“ და იძლეოდა დირექტივებს, “თუ როგორ უნდა ეხელმძღვანელათ“.

რაც შეეხება დამსწრე პირებს, მისი თქმით, პროკურორს ისინი ეუბნებოდნენ: “დროზე დადეთ უფრო მეტი დამამტკიცებელი არგუმენტაცია და სამხილები, რომ აუცილებლად უნდა განადგურდეს გიორგი მამალაძის პერსონა, იმ თვალსაზრისით, რომ ბოლომდე ყველანაირი ტიპის ბრალი მას უნდა დაედოს“.

ტიგინაშვილი ტელეკომპანიასთან საუბრის დროს რამდენიმე ადამიანს ასახელებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი შეხვედრაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა- “ეს მთლიანი ნარატივი “შევტენოთ“ პეტრეს და მიშას, ვეცადოთ, რომ მათი კავშირების შესახებ ვიმსჯელოთ“.

“იქ ვინც იყო, ზიზღით იყო გამსჭვალული მეუფე დიმიტრის მიმართ, უბრალოდ, აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის გამოც გამოარიდეს ამ სკანდალს დიმიტრი – ისინი ამბობდნენ, რომ მაინც პატრიარქის ოჯახის წევრია და “გვარს ნამუსი უნდა შევუნახოთო,“ – ამბობს ტიგინაშვილი.

მისივე თქმით, შეხვედრა ნანა კაკაბაძეს მიჰყავდა, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან მუდმივ სატელეფონო ხაზზე იყო და გარკვეულ მითითებებს იღებდა.

ტიგინაშვილი დასძენს, რომ მიიღო დაპირება – თუ ის მათ გვერდში დაუდგებოდა, საპატირიარქოს ტელევიზიის, “ერთსულოვნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნებოდა და 3000 ლარი ექნებოდა ხელფასი. ეს წინადადება, თეოლოგის თქმით, მან არ მიიღო.

“ეს არის აბსოლუტური სისულელე“ – რა ითქვა კაკაბაძისა და ნიკოლეიშვილის პრესკონფერენციაზე

ტიგინაშვილის განცხადებებიდან მეორე დღეს, ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე მათ თეოლოგის მიერ გახმიანებული ბრალდებები უარყვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ შეხვედრები, სადაც სხვადასხვა თემას განიხილავენ – მართლაც ტარდება.

“ჩვენ, ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ვიკრიბებოდით და ვიკრიბებით, ის პიროვნებები  კი არა, ვინც დაასახელა ტიგინაშვილმა, არამედ სხვებიც და, ბუნებრივია, ვსმჯელობთ და ვმსჯელობდით გარკვეულ საკითხებზე.. არა მხოლოდ მსჯელობა, არამედ სფეროების მიხედვით წერილების ურთერთგაცნობა იყო, დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი…

მაგალითად, ჩვენი მხრიდან როგორია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, სხვა წერდა განათლებაზე, კულტურაზე, რა პრობლემებია და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სამოქალაქო საზოგადოებამ ამის გადასაჭრელად. იმ პერიოდში აქტუალური იყო “ციანიდის პრობლემა“ და მათ შორის, ბუნებრივია, ამ საუბრებშიც შევეხებოდით ამ საკითხს “,- ამბობს პრესკონფერენციაზე გელა ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, შეხვედრები გარდამავალი სიხშირით ტარდებოდა და დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა თემა იქნებოდა იმ პერიოდში აქტუალური. რაც შეეხება თავად გიორგი ტიგინაშვილს, კაკაბაძე და ნიკოლეიშვილი ადასტურებენ, რომ ის მართლაც ზაზა შათირიშვილმა მიიყვანა შეხვედრაზე.

თუმცა ორივე უარყოფს, რომ შეხვედრებზე რაიმე სახის სამოქმედო სცენარი იქმნებოდა – არც “ციანიდის საქმისა“ და არც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიმართ.

“ხელისუფლების ინსტრუქციებს აჟღერებდნენო, აბსოლუტური სისულელე – იქ ჩამოთვლილი პიროვნებები და მათ შორის ჩვენც, არც ერთი, ხელისუფლების აქტიური მომხრე არ ყოფილა. ჩვენ რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი ვიყავით, არ ნიშნავს… ჩვენ უარესს ნაკლებად უარესი გვერჩივნა, მაგრამ ხელისუფლების აპოლოგეტები არასდროს ვყოფილვართ“, – ამბობს ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, ის ამბობს, რომ შეხვედრა, რომელსაც ტიგინაშვილი დაესწრო, მართლაც მის ბინაში შედგა. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობას, ის ყვება:

“მე უახლოესი ურთიერთბა მაქვს შორენა თეთრუაშვილთანაც და პატრიარქთანაც და სამღვდელოების დიდ ნაწილთან, მაგრამ მე არ მგონია, რომ თუნდაც გელა ნიკოლეიშვილი ოდესმე დასწრებია ჩვენს პირად საუბრებს… როგორ შეიძლება ტიგინაშვილი გამხდარიყო ამის მოწმე? ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და პირველად მოიყვანა შათირიშვილმა და გვითხრა, რომ ეს ადამიანი ერკვევა რელიგიურ საკითხებში, არის მართლმადიდებელი მორწმუნე, კონსერვატორი და მას ვალაპარაკოთ, რა ხდება ეკლესიის ირგვლივო“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.

ნეტგაზეთმა სცადა დაკავშირება ზაზა შათირიშვილთანაც. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი