ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს

24 დეკემბერი, 2018 • 3254
ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვე საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაზა შათირიშვილი საბჭოს ტოვებს. ინფორმაცია თავდაპირველად “ლიბერალმა” გაავრცელა.

როგორც შათირიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, იგი აპირებს ახალი ტელევიზია და ჟურნალი დააარსოს და ბორდის დატოვებით ინტერესთა კონფლიქტს არიდებს თავს. 

როგორც შათირიშვილმა “ნეტგაზეთს“ განუცხადა, ამ წუთებში (24 დეკემბერ, 15:20 საათი) არეგისტრირებს განცხადებას პარლამენტის კანცელარიაში.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ბრუნდება თუ არა “პოს ტვ”-ში, მან განაცხადა, რომ “პოს ტვ”-დან წამოსულია და საუბარია სრულიად ახალ ტელევიზიასა და ჟურნალზე.

შათირიშვილმა “პოს ტვ”-ში კუთვნილი 16-პროცენტიანი წილი 2018 წლის 3 აპრილს გაყიდა. “პოს ტვ”, რომელიც თავიდან ინტერნეტით მაუწყებლობდა, 2 მაისიდან თავის გადაცემებს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გაშვებას აპირებდა, კანონის მიხედვით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს არ აქვს უფლება, ჰქონდეს იმ კომპანიის წილი, რომელიც ტელე-რადიოპროდუქტს სხვა მაუწყებლის ბადეში უშვებს.

შათირიშვილი საზმაუს ბორდის წევრობის კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი.

პარლამენტმა იგი 23 მარტს აირჩია ბორდის წევრად — მას 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგ წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი