ახალი ამბები

გომელაურის ჩვენების თანახმად, დუისში სპეცოპერაცია ზეპირი მითითებით ჩატარდა – EMC

7 ნოემბერი, 2019 • 1569
გომელაურის ჩვენების თანახმად, დუისში სპეცოპერაცია ზეპირი მითითებით ჩატარდა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ ახალ საგამოძიებო მოქმედებებს აფასებს და მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების და განადგურების/ფაბრიკაციის წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ.

EMC-ის ინფორმაციით, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა და სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება.

“ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები… ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ ასევე დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. ასევე, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა”, – ამბობს EMC, რომელიც სუს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმების შინაარსს აქვეყნებს.

მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმების შინაარსი

EMC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმების თანახმად, სუს-ის ყველა მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა დაიწყო გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიიღეს გადაწყვეტილება, ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ მიაწოდა გოგაშვილსა და გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დუისში დაგეგმილ სპეცოპერაციაში სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) მონაწილეობის გადაწყვეტილება სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო, რომელიც ამბობს, რომ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა და ღონისძიებაში მონაწილე პირებისთვის საგამოძიებო გეგმა ან რამე წერილობითი დოკუმენტი არ შედგენილა. შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე არ განხორციელებულა.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი, 14.08.2019

ირაკლი ჩიმაკაძე აღნიშნავს, 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა. ამ დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ ზურაბიშვილს ჩიმაკაძემ აუხსნა საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე, რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით), საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრები უზრუნველყოფდნენ. თავად ირაკლი ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა გოგაშვილსა და გომელაურს. EMC-ის ინფორმაციით, ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმი, 16.08.2019

პაატა ჯაჭვაძე გამოკითხვის ოქმში აღწერს, რომ ის არის კონტრტერორისტული ცენტრის (კტც) უფროსის მოადგილე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა დუისში მყოფ კტც-ს საგამოძიებო ჯგუფს 2017 წლის 26 დეკემბერს. ჯაჭვაძე უთითებს, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი იყო, რომ დუისში ჩასვლისთანავე დასაკავებელი პირების საცხოვრებელ სახლებში შევიდოდა სოდ-ი, რათა შეექმნათ უსაფრთხო გარემო და ამის შემდგომ შევიდოდა საგამოძიებო ჯგუფი. გეგმისამებრ, დუისში ჩასვლისთანავე, საგამოძიებო ჯგუფი ჯაჭვაძის ხელმძღვანელობით განთავსდა დუისის შესასვლელთან და დაელოდა სოდ-ის შემდგომ მითითებებს. პაატა ჯაჭვაძის განმარტებით, სპეცოპერაცია დაიწყო დაახლოებით 03:30 საათიდან, დაახლოებით 15-20 წუთში მას რაციით სპეცრაზმელმა (არ იცის, ვინ) შეატყობინა, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო დაჭრილი და სჭირდებოდათ დახმარება. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სოდ-ის უფროსმა უთხრა (არ უთითებს, რაციით გადასცა თუ ტელეფონით), რომ დაჭრილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც არ დაემორჩილა სპეცრაზმელის ბრძანებას და შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას. სოდ-ის უფროსმა აგრეთვე მიუთითა, რომ დაჭრილს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ სპეცრაზმის სამედიცინო რაზმის წევრები და სასწრაფო დახმარებაც გამოძახებული იყო, საგამოძიებო ჯგუფის წევრებს დაჭრილის სახლში შესვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ მას შემდეგ, რაც გამნაღმველების მიერ დათვალიერდებოდა ობიექტი (ხელყუმბარა) და შეიქმნებოდა უსაფრთხო გარემო. ჯაჭვაძის განმარტებით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან და მისმა ჯგუფმა დუისის შესასვლელიდან, მაჩალიკაშვილის სახლთან გადაინაცვლა და იქ ელოდებოდნენ სოდ-ის ნებართვას სახლში შესვლისა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე. მისი განმარტებით, 04:30 საათზე სოდ-ის უფროსმა მათ უთხრა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი რეანომიბილით გაიყვანეს სახლიდან, უსაფრთხო გარემო იყო შექმნილი და საგამოძიებო ჯგუფს შეეძლო ჩხრეკის ჩატარება.

ჯაჭვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, პირდაპირ სატელეფონო კავშირზე იყო ჩიმაკაძესთან და მას შემდეგ, რაც მან და მისმა ჯგუფმა ჩიმაკაძესთან და ზედამხედველ პროკურორთან გაიარეს კონსულტაცია, მიიღეს გადაწყვეტილება, შესულიყვნენ მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და ჩაეტარებინათ ჩხრეკა. საქმის გამომძიებელმა ი. კოკაიამ ოჯახის წევრებს განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ოჯახის წევრები თავდაპირველად აპროტესტებდნენ, მაგრამ შემდგომ დათანხმდნენ და მალხაზ მაჩალიკაშვილი დაესწრო ჩხრეკას. ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობის მიღების შემდგომ გამომძიებელმა გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები და დაიწყეს ჩხრეკა. თავად პაატა ჯაჭვაძე არ მონაწილეობდა ჩხრეკაში, თუმცა, რამდენადაც იყო ხელმძღვანელი პირი, შევიდა ოთახში, სადაც სროლა განხორციელდა. ნახა, რომ ხელყუმბარა განაღმულ მდგომარეობაში იდო შესასვლელი კარის ხელმარცხნივ, პატარა ნოხზე. ხელყუმბარას ის არ შეხებია და არ იცის, იყო თუ არა მასზე სისხლის კვალი. პაატა ჯაჭვაძის მიმართ სხვა კითხვები არ დასმულა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გამოკითხვის ოქმი, 19.08.2019

იოსებ გოგაშვილი აღწერს, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კტც-ის დეპარტამენტი. განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში, და დუისში მიმდინარე ოპერაციის შესახებ ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას. გოგაშვილის მიმართ სხვა კითხვები არ არის დასმული.

სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი, 20.08.2019

ვახტანგ გომელაური აღწერს, რომ დუისში დასაკავებელი პირების ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი, რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპარტამენტის უფროსს დეტალური ინფორმაცია ჩიმაკაძემ მიაწოდა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, 2017 წლის 25 დეკემბერს გადაწყდა, რომ ოპერაცია 26 დეკემბერს, გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად,
ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა.

კითხვა: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი?

პასუხი: სუს-ის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს სოდ-ი, აგრეთვე დებულებით და ჩემი, როგორც უფროსის ბრძანებებით. საგამოძიებო მოქმედებებში სოდ-ი იშვიათად მონაწილეობს, მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული საფრთხეები და აუცილებელია ამ საფრთხეების უზრუნველყოფა. აღნიშნული რისკების შესახებ ინფორმაციას მაწვდიან დანაყოფების ხელმძღვანელები, ვაფასებთ ერთობლივად ამ საფრთხეებს და ჩემ მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოდ-ის ჩართვის შესახებ. ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდ-ის უფროსს, შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება.

კითხვა: სოდ-ის თანამშრომლებს გავლილი აქვთ თუ არა შესაბამისი მომზადება და სპეციალური ინსტრუქციები ხომ არ არის თქვენ მიერ შემუშავებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით?

პასუხი: დიახ, გავლილი აქვთ საქართველოში და საზღვარგარეთაც. სუს-ის შესახებ კანონს ეყრდნობიან იარაღის გამოყენების დროს.

კითხვა: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის?

პასუხი: რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა. როგორც ვიცი, თანამშრომლებს ზეპირად გააცნეს საქმის ვითარება.

კითხვა: რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია? რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა?

პასუხი: პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან, დაკავების გარდა, საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

კითხვა: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდასამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე?

პასუხი: შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა მაჩალიკაშვილის საქმეზე.

ვახტანგ გომელაურის მიმართ მეტი კითხვა არ დასმულა.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, “თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობა ჩატარდა დროულად, სრულად და ადეკვატურად”. სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, რადგან ჭრილობა დამუშავდა ქირურგიულად და სამედიცინო დოკუმენტებში არ არის აღწერილი მისი მორფოლოგიური სურათი.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი